გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მერვე

მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. 2დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით. 3დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ. 4ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან? 5მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. 6მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. 7ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე. 8ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე. 9მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. 10ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. 11ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან? 12შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი. 13რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.

1მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარხდეს უშჯულოებაი. 2ხმა-ვჰყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველის მოქმედისა ჩემისა. 3გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩემნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი. 4და იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ხრმალნი ლესულნი. 5ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი. 6მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს. 7განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა. 8განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად. 9აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის. 10რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი. 11ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.

1ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო; 2და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ხელნი თქუენნი ნივთებენ. 3უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუვესა. 4გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა და ასპიტისა ყრუისა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი. 5რომელმან არა ისმინის ხმაი მსახრვალისაი და წამლისაი მწამლველისაგან ბრძნისა. 6ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან. 7შეურაცხ იქმნენ იგინი ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუას მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. 8ვითარცა ცვილი რაი დადნის, ეგრე მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. 9ვიდრე არა თანა-იყოს ეკალთა თქუენთა ძეძვი, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. 10იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურის-გებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაითა. 11და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისაი; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა. დიდებაი.

1მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე. 2მიხსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე. 3რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი, უფალო. 4უცოდველად ვრბიოდე და წარვმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. 5და შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა. 6მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 7ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა? 8და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყუნე ყოველნი წარმართნი. 9ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ. 10ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაი. 11ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი, განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო. 12ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ. 13აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისხმა-ჰყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა. 14მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 15იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდენცა. 16ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა. 17მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.

1ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. 2შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი, რამეთუ შეიძრა. 3უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი. 4მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა. 5რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 6ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო. 7ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე ჩემი. 8მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. 9ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე. 10არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 11მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი. 12ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.

1შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. 2კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე. 3და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა. 4დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. 5რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა. 6დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად. 7დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი. 8ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდებაი.

1ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი. 2და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის. 3ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა. 4ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. 5გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი. 6და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო. 7ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და დიდებაი ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ. 8ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. 9ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. 10ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა. 11ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე. 12და შენი არს, უფალო წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

1ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა? 2ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდებაი შენი. 3რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ. 4ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი. 5ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი. 6უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. 7რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. 8მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი. 9ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა. 10მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი. 11ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

1შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი. 2დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა. 3რომელთა აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისაი. 4რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. 5განიმტკიცეს თავისა თვისისა სიტყუაი უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი? 6გამოიძიეს უშჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა, წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა. 7და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნნეს წყლულებანი მათნი. 8და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ. 9და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ჰყვნეს. 10იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →