კანონი მეხუთე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი. 2აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას. 3აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა. 4რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან. 5უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი. 6სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი. 7შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა. 8ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი. 9რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს. 10უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი. 11ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე. 12ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად. 13ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი. 14განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა. 15რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი. 16არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაითა. 17ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს. 18აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა. 19ხსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა. 20ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა. 21რამეთუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ. 22იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.
1ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა. 2უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ. 3განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა. 4გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე. 5მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს. 6ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. 7დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი. 8განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. 9გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა. 10მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. 11მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ. 12ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? 13დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა; 14მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. 15თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა; 16პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი. 17ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი. 18მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. 19მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან. 20დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს. 21სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ. 22იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდებაი.
1საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; 2აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა. 3განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე. 4ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 5იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ. 6იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი. 7რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა. 8ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ. 9ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. 10ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა. 11რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე. 12მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 13ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. 14ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. 15და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს. 16განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 18აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ. 19ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს. 21განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა. 22იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან. 23განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა. 24მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა. 25ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი. 26ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა. 27იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი. 28და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
1თქვის უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მისთა. 2რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა. 3სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება და ზაკუვა, არა ინება მან გულისხმის-ყოფაი კეთილისაი. 4უშჯულოებაი იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა. 5უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე; 6სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო. 7ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო ძენნი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ. 8დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ. 9რამეთუ შენგან არს წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი. 10მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა. 11ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისაი და ხელი ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე. 12მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდებაი.
1ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 2რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვივენ. 3ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. 4იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი. 5განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ჰყოს; 6და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი. 7დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა. 8დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი. 9რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი. 10და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო; 11ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა. 12უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი; 13ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი. 14მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა. 15მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ. 16შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა. 17რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან. 18იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს; 19არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, 20ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ. 21ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის. 22რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ. 23უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და გზაი მისი ენებოს ფრიად. 24რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა. 25ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. 26მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს. 27მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე. 28რამეთუ უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისმდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას. 29ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა. 30პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა. 31შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი. 32ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას, რაითამცა მოკლა იგი; 33ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას. 34დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი იხილო. 35ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა. 36და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი. 37დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი. 38ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს. 39ხოლო ცხორებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა. 40და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაი.



