კანონი მეათე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა. 5რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. 7ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. 9ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. 12ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის. 14ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. 15პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი. 16შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი. 17ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა. 18და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა. 19ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? 20რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. 21განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე. 22და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო. 23იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ. 24უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.
1ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა. 2განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით. 3მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე. 4განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი. 5და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე. 6გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა. 7გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე. 8და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა. 9მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ. 10მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას. 11და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. 12რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე. 13ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს. 14აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე. 15და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას. 16იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი. 17იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას. 18კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან. 19და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ. დიდებაი.
1ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის. 2ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი. 3რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ. 4რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა. 5შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ. 6ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი. 7და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა. 8განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს. 9დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა. 10ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა. 11და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა? 12აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე. 13და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი. 14და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად. 15და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ. 16და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე. 17ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი. 18ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა. 19ვითარღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის? 20ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო. 21რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს. 22და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე. 23და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი. 24და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე. 25რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა? 26მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. 27რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან. 28ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
1რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა. 2მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა. 3აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა. 4და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს. 5ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა; 6ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი. 7დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი. 8თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით. 9რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა. 10ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად. 11რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად. 12ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა. 13შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა; 14შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა. 15შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი. 16შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. 17შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე. 18ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი. 19ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად. 20მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი. 21ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა. 22აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე. 23ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის. დიდებაი.
1აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა; 2რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე. 3განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი. 4ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა; 5ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა. 6რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა. 7რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის. 8რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა. 9ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა. 10და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.
1განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. 2იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს. 3რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი. 4განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა. 5შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა. 6მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა. 7შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი. 8რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა. 9რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა. 10რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა. 11ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი. 12საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
1ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. 2დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა. 3მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი. 4მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. 5ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ. 6და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. 7ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე. 8ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე? 9ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? 10და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი. 11მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი. 12და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. 13ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? 14შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი. 15და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. 16გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი. 17დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. 18ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი. 19ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. 20უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაი.



