კანონი მესამე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, 2უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი. 3ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. 4გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; 5სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. 6ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. 7და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. 8ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან. 9და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა. 10და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა. 11და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. 12ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი. 13და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი. 14მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი. 15და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. 16გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა. 17მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 18მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა. 19და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე. 20და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე. 21რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან; 22რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან. 23და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან. 24და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა. 25წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო, 26და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო. 27რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე; 28რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; 29რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა. 30ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას. 31რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა? 32ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი; 33განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე. 34განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი. 35და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე. 36ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი. 37ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ. 38ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა. 39და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. 40და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ. 41ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი. 42და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი. 43მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, 44მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი; 45შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან. 46ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი. 47ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. 48მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე. 49ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. 50განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდებაი.
18დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
1ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი. 2დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. 3არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი. 4ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი; 5და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. 6ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. 7შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი. 8სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. 9შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. 10გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა. 11და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ. 12შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე. 13და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. 14და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
19დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
1შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი. 2მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ; 3მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ. 4მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ. 5ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი. 6აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი. 7ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით. 8იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. 9უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
20დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
1უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. 2გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას. 3რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. 4ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე. 5დიდ არს დიდებაი მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაი და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა; 6რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა. 7რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას. 8იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი. 9რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი. 10ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან. 11რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად. 12რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი. 13ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა. დიდებაი.
21დასასრულსა, შეწევნისათვის საცისკროისა, ფსალმუნი დავითისი
1ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი. 2ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის. 3ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი. 4შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი; 5შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა. 6ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. 7ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა. 8ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი. 9რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან. 10შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა. 11გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე; 12აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან. 13ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. 14განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე. 15რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი. 16და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე. 17განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. 18ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ; 19იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი; 20მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი; 21მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ. 22მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა. 23რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი. 24შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა. 25შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე. 26მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა; 27რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა. 28შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს. 29და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. 30და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
1უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. 2ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. 4ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. 5განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. 6წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
1უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. 2რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი. 3ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? 4უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა. 5ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. 6ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. 7აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 8ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. 9აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 10ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი. დიდებაი.



