გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეთერთმეტე

1ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ. 4არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა. 5და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. 6რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა. 7რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი. 9ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი. 11და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ. 12წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. 13განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა. 14და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა. 15განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. 16გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი. 17და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა. 18და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის. 19და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა. 20ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა? 21ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა. 22რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. 23და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა. 24და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ. 25და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად. 26აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი. 27და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი. 28და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა. 29და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ. 30და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა, 31და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა. 32ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი. 33და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით. 34რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ. 35და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს. 36და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. 37ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა. 38არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. 39და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ. 40რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა. 41და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს. 42არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა. 43ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა. 44და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან. 45მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი. 46და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა. 47მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა. 48მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა. 49მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. 50გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. 51და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; 52და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ, 53და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან. 54და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; 55და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი. 56და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს. 57და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად. 58განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას. 59ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი. 60და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა. 61და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა. 62და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო. 63ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. 64მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს. 65და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა. 66და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი. 67განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან; 68არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა. 69და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. 70და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა. 71და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა. 72და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ. დიდებაი.

1ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი; 2დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა. 3დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა. 4ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. 5ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი? 6მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს; 7რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს. 8ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. 9შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის. 10ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია. 11შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. 12მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. 13ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

1რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ. 2წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა. 3ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ. 4უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა? 5მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა; 6მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ. 7უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ. 8ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი. 9გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი. 10დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი. 11მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი. 12აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი? 13განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი. 14ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას; 15და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. 16მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ. 17იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. 18და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით. 19უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.

1უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა. 2აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა. 3დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღე­სასწაულისა ჩუენისასა. 4რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. 5წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა; 6განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა. 7ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. 8ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი, 9არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. 10რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. 11და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა. 12და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. 13უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო. 14ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი. 15მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ. 16და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდებაი.

1ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს. 2ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? 3უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ. 4განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი. 5არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი. 6მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი. 7ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით. 8აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.

1ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო. 2რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი. 3ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის; 4და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი. 5რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს. 6ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა; 7გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა. 8და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა. 9ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა. 10მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი. 11დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი. 12რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი. 13ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. 14ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი. 15ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი. 16აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო. 17ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ. 18და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

1ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! 2ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. 3და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. 4ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. 5ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა. 6ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა. 7ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს. 8უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო. 9მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. 10რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. 11რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. 12უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

1გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი. 2მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი. 3დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა. 4მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან. 5ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე. 6ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. 7მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ. 8ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. 9რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად დიდებაი მისი ქუეყანასა ჩუენსა. 10წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს. 11ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. 12და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი. 13სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →