კანონი პირველი
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას. 4არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა. 6რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.
1რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 2შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. 3განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. 4რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი. 5მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა. 7თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. 8ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. 9ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. 10და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 11ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. 12მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.
1უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა. 2მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა. 3ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. 4ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით. 5მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 6არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. 7აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 8უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი. დიდებაი.
1ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი. 2ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა? 3და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. 4განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. 5შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა. 6მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო. 7მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. 8მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.
1სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი. 2მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. 3განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. 4რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან. 5არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 6წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა. 7ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. 8უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი. 9რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. 10საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო. 11და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი. 12რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.
1უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. 3და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? 4მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის. 5რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. 6დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. 7განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. 8განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი; 9ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა. 10ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად. დიდებაი.
1უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე. 2ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. 3უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა; 4ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 5დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს. 6აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. 7და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად მოიქეც. 8უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. 9აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო. 10შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის წრფელნი გულითა. 11ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე. 12არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; 13და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა. 14აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი. 15ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა. 16მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს. 17აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
1უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა. 2პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი. 3რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. 4რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? 5დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი. 6და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა. 7ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი. 8მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 9უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა. დიდებაი.



