გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეექვსე

1უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. 3არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა; 4რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 5შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 7რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა. 8შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა. 9უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა. 10გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. 11მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს. 12და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს. 13ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი; 14და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი. 15არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო. 16რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. 17რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის. 18რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის. 19აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; 20და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა. 21ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. 22მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

1ვსთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რაი ცოდვილი წინაშე ჩემსა. 2დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან, და სალმობაი ჩემი განმიახლდა. 3განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: 4მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა უწყოდი, რაიღა მაკლს მე. 5ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი. 6დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. 7და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. 8ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე. 9დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. 10განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ხელისა შენისაითა მე მოვაკლდი. 11მხილებათა მიერ უშჯულოებისათვის განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამაო არს ყოველი კაცი. 12შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, უფალო, და ვედრებისა ჩემისაი ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. 13მილხინე მე, რაითა განმისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.

1თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი. 2და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი. 3და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა. 4ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაი სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა. 5მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკვირველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს უფროის რიცხვისა. 6შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე. 7მაშინ ვჰსთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის. 8ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა. 9ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი: 10სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი და მაცხოვარებაი შენი ვსთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი კრებულსა შორის დიდძალსა. 11ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე. 12რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაი არა არს რიცხვი; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროის თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე. 13გთნდინ, უფალო, ხსნაი ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ. 14ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ-იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი. 15მიიღედ მეყუსეულად სირცხვილი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 16იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და სთქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი; 17ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; უფალმან იღუაწოს ჩემთვის; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდებაი.

1ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. 2უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა. 3უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა. 4მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. 5მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთვის: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი. 6და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყვინ: გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაი თავისა თვისისაი; გარე-განვიდის გარე, და მასვე იტყვინ. 7ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა. 8სიტყუაი უშჯულოებისაი დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაი? 9და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი. 10არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ. 11ამით ვსცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. 12ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე. 13კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!

1ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! 2სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? 3იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი? 4ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა. 5რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. 6სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით. 7უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს. 8დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. 9ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა? 10შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? 11რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

1მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე. 2რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა? 3გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. 4და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! 5რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდებაი.

1ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. 2ხელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. 3რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. 4შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი იაკობისი. 5შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. 6რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. 7რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე. 8ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე. 9ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა. 10მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. 11მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. 12მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი. 13მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. 14მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის. 15მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. 16ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. 17ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; 18და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. 19რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. 20უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაი და გან-თუ-ვიპყრენით ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა. 21არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი. 22რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. 23განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღსდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად. 24რად გარე-მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? 25რამეთუ დამდაბლდა მიწადმდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი. 26აღსდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსნენ ჩუენ სახელისა შენისათვის.

1აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა. 2შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთვის გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. 3შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო. 4შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯუენაი შენი. 5ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. 6საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი. 7შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა. 8მური და შტახსი და კასიაი სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოის ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ. 9ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. 10ისმინე, ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი. 11და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. 12და თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტვიროსისამან ძღუენითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. 13ყოველი დიდებაი ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად. 14მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. 15მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა. 16მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. 17მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთვის ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

1ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. 2ამისთვის არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა. 3ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა. 4სლვაი მდინარეთაი ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან. 5ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად. 6შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ხმაი თვისი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაი. 7უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. 8მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა. 9დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა; მშვილდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა. 10მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. 11უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →