ივდითითავი 8
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა.
2მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი.
3მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის.
4სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში.
5გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.
6მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა.
7მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს.
8აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო.
9როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს,
10გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად.
11რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას.
12ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის.
13ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე.
14თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!
15თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ.
16თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ.
17ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს.
18რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ.
19რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ.
20ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას.
21რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას.
22ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე.
23რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი.
24ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო.
25მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა.
26გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა.
27და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს.
28უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა,
29რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი.
30მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ.
31ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ.
32უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში.
33დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს.
34ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.
35მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად.
36გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს.



