ივდითითავი 13
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.
2მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.
3უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა.
4ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს.
5სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ.
6მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.
7მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.
8მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.
9გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი.
10მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ.
11შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა.
12როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები.
13გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ.
14ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს.
15ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით.
16იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.
17ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს.
18უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა.
19არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება.
20უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას.



