ივდითითავი 16
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,
2რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან.
3მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები.
4ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის.
5მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით.
6არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით.
7ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე,
8თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად.
9მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი.
10შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა.
11მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ.
12მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით.
13გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი,
14შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას.
15წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ.
16რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია.
17ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.
18როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.
19შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან.
20სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო.
21ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე.
22ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა.
23უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში.
24შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში.
25ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.



