ივდითითავი 5
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.
2ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს.
3უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი?
4რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად?
5მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან.
6ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.
7წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.
8გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს.
9უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით.
10მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.
11ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია.
12შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.
13დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,
14წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.
15დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.
16აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი.
17ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.
18როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ.
19ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი.
20ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ.
21თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში.
22როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი,
23არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება.
24ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე!



