ივდითითავი 14
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე.
2როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ.
3ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან.
4თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე.
5ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ.
6უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული.
7როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე!
8ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა.
9რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს.
10როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე.
11როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ.
12როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან.
13ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ.
14შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას.
15რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი.
16ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა.
17შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა:
18დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი!
19ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში.



