ივდითითავი 3
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1გაუგზავნეს მას მოციქულები სამშვიდობო სიტყვებით და უთხრეს:
2აჰა, ჩვენ ნაბუქოდონოსორის, დიდი მეფის მსახურნი, განრთხმულნი ვართ შენს წინაშე, გვიყავი, რაც გენებოს.
3აჰა, ჩვენი საცხოვრებლები, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, ყანები, ფარები და ნახირი, ფარეხები კარვებითურთ შენს წინაშეა. გამოიყენე, როგორც გენებოს.
4აჰა, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი შენი მონები არიან, მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც შენს თვალებს ეამება.
5მოვიდნენ კაცები ოლოფერნესთან და აუწყეს მას ეს ყველაფერი.
6მერე ჩავიდა თავისი ლაშქრითურთ ზღვისპირეთში და დაიკავა მაღლობზე მდგარი ქალაქები, და აიყვანა მათგან რჩეული კაცები თანამებრძოლებად.
7შეეგებნენ მას ეს ხალხი და მთელი მათი შემოგარენი გვირგვინებით, ფერხულით და ბობღნებით.
8მან კი დაანგრია ყველა მათი გორაკი და აჩეხა მათი წმინდა ჭალები, რადგან დავალებული ჰქონდა ყველა ღმერთის განადგურება ქვეყანაზე, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისთვის ეცა თაყვანი, ყველა ენასა და ტომს მხოლოდ იგი შეერაცხა ღმერთად.
9მიადგა ესდრელონს დოთანის მახლობლად, რომელიც იუდას დიდი მთაგრეხილის წინ მდებარეობს,
10და დაბანაკდნენ გებასა და სკვითთა ქალაქს შორის. ერთი თვე დაჰყო იქ, რათა თავისი ლაშქრისთვის საჭირო მარაგი დაეგროვებინა.



