გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ივდითითავი 7

32 მუხლი · ≈ 4 წთ

1მეორე დღეს უბრძანა ოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და მთელ თავის ხალხს, ვინც კი მისი მოკავშირე იყო, რათა წარმართულიყვნენ ბეთულიას, დაეპყროთ მთიანეთის ბილიკები და ბრძოლა გაემართათ ისრაელიანთათვის.

2იმავე დღეს დაიძრა სალაშქროდ ყველა მათი ძლიერი მებრძოლი. მათ ლაშქარს ასსამოცდაათი ათასი ქვეითი და თორმეტი ათასი ცხენოსანი შეადგენდა, გარდა ტვირთისა და იმ კაცებისა, რომლებიც ახლდნენ მათ, - ურიცხვნი იყვნენ.

3დაბანაკდნენ ისინი ბეთულიას მახლობლად, ხევში წყაროსთან, და გაეწყვნენ სიგანით დოთანიდან ბელბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან კუამონამდე, რომელიც ეზდრელონის წინ მდებარეობს.

4მათი სიმრავლე რომ დაინახეს ისრაელიანებმა, ძლიერ შეშინდნენ: ახლა ისინი მოასწორებენ მთელი მიწის პირს, ვერც მაღალი მთები, ვერც ხრამები, ვერც გორაკები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს.

5აიღო თითოეულმა კაცმა თავისი საბრძოლო საჭურველი, დაანთეს გოდლებზე კოცონი და სადარაჯოდ დარჩნენ მთელი ის ღამე.

6მეორე დღეს ოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა მოიყვანა ბეთულიაში მყოფ ისრაელიანთა წინაშე.

7დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა წყაროები, მეომარ კაცთა რაზმი ჩააყენა იქ, თვითონ კი თავისი ხალხისკენ გაბრუნდა.

8მოვიდნენ მასთან ესავიანთა მთავრები, მოაბის ტომის წინამძღოლები, ზღვისპირეთის მხედართმთავრები და უთხრეს:

9ყურად იღოს მბრძანებელმა ჩვენი სიტყვა, რომ ზიანი არ მოხდეს შენს ლაშქარში.

10ეს ხალხი, ისრაელიანები, თავიანთ იარაღზე კი არ არიან დანდობილნი, არამედ მაღალ მთებზე, სადაც ისინი სახლობენ. არც არის იოლი მათ მწვერვალებზე ასვლა.

11ახლა, მბრძანებელო, ნუ შეებრძოლები მათ საომარი წყობით და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ხალხიდან.

12დარჩი შენს ბანაკში და დაიტოვე შენი ლაშქრის ყოველი კაცი, შენმა მორჩილებმა კი დაიკავონ წყაროს წყალი, რომელიც მთის ძირიდან გამოდის.

13რადგან იქიდან იღებს წყლის მარაგს ბეთულიას ყოველი მკვიდრი, წყურვილი გაანადგურებს მათ და ჩაგვაბარებენ თავიანთ ქალაქს. ავალთ ჩვენ და ჩვენი ხალხი მთის მწვერვალების ახლოს და დავბანაკდებით იმ ადგილებში სათვალთვალოდ, რომ არავინ გავიდეს ქალაქიდან.

14ვიდრე მახვილი მიაღწევს იქამდე, შიმშილით ამოწყდებიან ისინი; მათი ცოლები და შვილები დაეცემიან თავიანთი საცხოვრებლის ქუჩებში.

15ბოროტად გადაუხდი მათ სამაგიეროს იმის წილ, რომ აჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შემოგეგებნენ.

16ჭკუაში დაუჯდა მათი სიტყვები ოლოფერნეს და ყველა მის მორჩილს. ბრძანა, ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თქვეს.

17გაემართა ყამონიანთა რაზმი და მათთან ერთად აშურელთა ხუთი ასეული, დაბანაკდნენ ხევში და დაიკავეს ისრაელიანთა წყაროს წყლები.

18ავიდნენ ესავიანები და ყამონიანები და დაბანაკდნენ მთაზე, დოთანის წინ. ზოგი იმათგანი გაგზავნეს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ეგრებელისკენ, რომელიც ქუსის მახლობლად მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დარჩენილი ჯარი დაბანაკდა დაბლობზე და დაფარა მთელი მიწისპირი. სათვალავი არ ჰქონდა მათ კარვებს და საბარგულებს, მეტისმეტად ბევრნი იყვნენ.

19შეჰღაღადეს თავიანთ უფალს ისრაელიანებმა, რადგან წახდა მათი მხნეობა, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ურიცხვი მტრით და არ შეეძლოთ თავის დაღწევა.

20მათ ირგვლივ იყო აშურელთა მთელი ბანაკი, მათი ქვეითნი, ეტლები და მხედრები ოცდათოთხმეტი დღის განმავლობაში. დაუცარიელდა ბეთულიას მთელ მოსახლეობას წყლის ყველა ჭურჭელი.

21დაიცალა წყლის მარაგი და აღარ ჰქონდათ ერთი დღის სამყოფიც კი, რადგანაც არწყვით ეძლეოდა მათ დასალევად.

22სასო მიეხადა მათ წვრილშვილს, წყურვილისგან გული მისდიოდათ ჭაბუკებს და ქალებს, ეცემოდნენ ქალაქის ქუჩებში და კარიბჭეთა გასასვლელებში, ძალღონე აღარ შერჩათ.

23შეიკრიბა ყუზიასთან და ქალაქის მთავრებთან მთელი ერი - ჭაბუკები, ქალები და ბავშვები. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მთელი უხუცესობის წინაშე და ამბობდნენ:

24ღმერთმა განსაჯოს თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს.

25ახლა კი, არ არის ჩვენი საშველი, ღმერთმა ჩაგვაგდო მათ ხელში, რომ წყურვილითა და დიდი დაღუპვით გავნადგურდეთ მათ წინაშე.

26უხმეთ ახლა მათ და გასაძარცვავად მიეცით მთელი ქალაქი ოლოფერნეს ხალხს და მთელ მის ლაშქარს.

27უმჯობესი იქნება ჩვენთვის, მათი გასაძარცვავი რომ შევიქნათ. მონები ვიქნებით, მაგრამ გადავრჩებით და არ ვიხილავთ ჩვენი თვალებით ჩვენივე წვრილშვილის სიკვდილს, ჩვენი ცოლებისა და ბავშვების სულის ამოხდომას.

28მოწმედ მოგვყავს თქვენს წინაშე ზეცა და მიწა, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მამა-პაპის უფალი, რომელიც მსჯავრს გვდებს ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, დაე, ნუ მოახდენს ამ ამბავს ჩვენს თავზე დღევანდელ დღეს!

29გაიმართა დიდი და ერთსულოვანი გოდება საკრებულოში და ხმამაღლა შეჰღაღადეს უფალ ღმერთს.

30უთხრა მათ ყუზიამ: დამშვიდდით, ძმებო, მოვითმინოთ ხუთი დღე, ამ ხანში მოავლენს უფალი ღმერთი თავის წყალობას ჩვენზე, არ გაგვწირავს საბოლოოდ.

31თუკი ამ ხუთი დღის შემდეგაც აღარ იქნება ჩვენი საშველი, მაშინ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.

32გაისტუმრა ყუზამ ხალხი თავ-თავის ბანაკებში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის ციხეებსა და გოდლებს, ცოლები და შვილები კი სახლებში გაგზავნეს. დიდ ჭირთათმენაში იყვნენ ისინი ქალაქში.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →