გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ივდითითავი 6

21 მუხლი · ≈ 3 წთ

1საჯარეს ირგვლივ შემოკრებილ კაცთა შფოთი რომ მიწყნარდა, ოლოფერნემ, აშურის მთავარსარდალმა, უთხრა აქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე:

2ვინა ხართ შენ, აქიორ და ეფრემის მოქირავნენო, რომ წინასწარმეტყველებ ჩვენს შორის, როგორც დღეს და ამბობთ, არ შეებრძოლოთ ისრაელის ტომს, რადგან ღმერთი შეეწევაო მათ. ვინ არის ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, იგი მოგვივლენს თავის ძალას და აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ვეღარ დაიხსნის მათ მათი ღმერთი.

3ჩვენ კი, მისი მორჩილნი, გავანადგურებთ მათ, როგორც ერთ კაცს, და ვეღარ დაუდგებიან წინ ჩვენი მხედრობის ძლიერებას.

4გადავბუგავთ მათ მათსავე მიწა-წყალზე, მთები გაიჟღინთება მათი სისხლით, მინდვრები აივსება მათი გვამებით და ვეღარ დაგვიდგება წინ მათი ნაფეხურები, არამედ საბოლოოდ დაიღუპებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნის უფალი და, რაკი ამბობს, არც გაცუდდება მისი ნათქვამი.

5შენ, კი, აქიორ, ყამონის ქირისკაცო, რომელმაც წარმოთქვი ეს სიტყვები შენი უკეთურების დღეს, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს პირისახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე.

6მაშინ კი განგმირავს შენს ფერდებს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემ მსახურთა მახვილი. მათგან დაჭრილთა გვერდით დაეცემი, როცა უკან გამოვბრუნდები.

7ჩემი მორჩილნი მიგიყვანენ მთიანეთში და დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან.

8არ გეღირსება აღსასრული, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო.

9თუ მართლა გულით გჯერა, რომ არ ჩაგვიცვივდებიან ხელში, ნუ დაეცემი მათ. ვთქვი და არცერთი ჩემი სიტყვა არ დაიკარგება.

10უბრძანა ოლოფერნემ თავის მორჩილთ, მის კარავში რომ იდგნენ, შეეპყროთ აქიორი, წაეყვანათ ბეთულიასთან და ისრაელიანთათვის გადაეცათ.

11შეიპყრეს იგი მისმა მორჩილებმა და გაიყვანეს ბანაკს გარეთ, ველზე. შუაგულ ველიდან მთიანეთისაკენ გაემართნენ და მიადგნენ წყაროებს, ბეთულიას ქვემოთ რომ არის.

12როგორც კი შენიშნეს ისინი მთის მწვერვალზე დაშენებული ქალაქის კაცებმა, იარაღი აისხეს და გამოვიდნენ ქალაქიდან. ყველა მოშურდულე კაცი გამაგრდა ქალაქის მისადგომთან და ქვები დაუშინეს მათ.

13ისინი კი მთას ამოეფარნენ, შებორკეს აქიორი, დააგდეს მთის ძირას და გაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან.

14თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელიანები მივიდნენ აქიორთან და ახსნეს ბორკილები, წაიყვანეს ბეთულიაში და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს.

15ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმონის ტომიდან, საბრის ღოთონიელის ძე და ქერქემიშ მალქიელის ძე.

16შეკრიბეს ქალაქის ყველა უხუცესი. საჯარეს მიაშურა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. დააყენეს აქიორი მთელი ხალხის შუაგულში და გამოჰკითხა ყუზიამ ამბავი.

17პასუხად აუწყა მათ აქიორმა ოლოფერნეს საჯარეზე ნათქვამი და ის სიტყვები, რაც აშურელ მთავართა შორის თქვა ოლოფერნემ, და როგორი ქედმაღლობით ილაპარაკა ისრაელის სახლზე.

18დაემხო ხალხი ღვთის თაყვანისცემად, შეჰღაღადეს და თქვეს:

19უფალო, ღმერთო ცისაო, შეხედე მათ ამპარტავნებას და შეიწყნარე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა. მოხედე დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს.

20დაამშვიდეს აქიორი და დიდი მადლობა უძღვნეს.

21საკრებულოდან ყუზიამ თავის სახლში წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესებს. მთელი ღამის განმავლობაში შეწევნად უხმობდნენ ისინი ისრაელის ღმერთს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →