გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ივდითითავი 2

28 მუხლი · ≈ 3 წთ

1მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას.

2უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის.

3მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას.

4როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა:

5ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ.

6წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას.

7გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს.

8მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს.

9წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან.

10შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე.

11ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში.

12რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით.

13შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას.

14წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს.

15მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი.

16და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ.

17წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად.

18წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან.

19დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით.

20აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი.

21ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ.

22აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ.

23აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ.

24გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე.

25დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ.

26შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები.

27პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი.

28შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →