ივდითითავი 15
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1ეს რომ გაიგონეს კარვებში მყოფებმა, გაოგდნენ მომხდარი ამბის გამო.
2შიშმა და ძრწოლამ შეიპყრა ისინი. კაცი არ დარჩა, თავის ახლობელს რომ დალოდებოდა, არამედ დაბნეულები ერთიანად გარბოდნენ ველისკენ და მთებისკენ მიმავალი გზებით.
3ბეთულიას გარშემო მთაზე დაბანაკებულებიც დაიძრნენ გასაქცევად. მაშინ ისრაელიანები, ყოველი მებრძოლი მათ შორის, დაერივნენ მათ.
4მოციქულები გაგზავნა ყუზიამ ბეთომასთაიმში, ბებაიში, ქობაში, კოლაში და ისრაელის ყველა კუთხეში იმის სათქმელად, რაც მოხდა, რომ ყველა გამოსულიყო მომხდურთა გასანადგურებლად.
5ისრაელიანებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, თავს დაესხნენ მათ და გაანადგურეს ისინი ქობამდე. ასევე გამოვიდნენ იერუსალიმელებიც და ყველა მთიელი, რადგან გაიგეს მათი მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გალაადელებმა და გალილელებმა გვერდიდან სასტიკად დასცხეს მათ, ვიდრე არ განდევნეს ისინი დამასკომდე და მის საზღვრამდე.
6ხოლო დარჩენილნი ბეთულიას მკვიდრნი თავს დაესხნენ აშურის ბანაკს, გაძარცვეს იგი და ძლიერ გამდიდრდნენ.
7თავდასხმებისგან გამობრუნებული ისრაელიანები დაეპატრონენ იმას, რაც დარჩა. მთისა და ბარის დაბა-სოფლებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. აურაცხელი იყო მისი რაოდენობა.
8მოვიდნენ მღვდელმთავარი იოაკიმი და ისრაელიანთა უხუცესობა, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, თუ რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ეხილათ ივდითი და მშვიდობა ეთქვათ მისთვის.
9მივიდნენ თუ არა მასთან, ერთხმად აკურთხეს და უთხრეს: შენ ხარ დიდება იერუსალიმისა, შენ ხარ სიამაყე ისრაელისა, შენ ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა!
10შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს!
11ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა მთელი ერი ბანაკს. ოლოფერნეს კარავი და მთელი ვერცხლეული, საწოლი და ჭურჭელი, მთელი მისი აღჭურვილობა ივდითს მისცეს. მანაც აკრიფა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და დატვირთა ისინი.
12ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ.
13შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას.
14მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს.



