ივდითითავი 4
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.
2შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო,
3რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.
4დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში.
5სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები.
6მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ),
7რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი.
8ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ.
9ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.
10მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე.
11დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე.
12ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.
13ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.
14იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან.
15ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.



