ივდითითავი 10
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი,
2წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები.
3გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა.
4ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას.
5მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას.
6მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი.
7როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს:
8ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად.
9თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა.
10ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი.
11ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული.
12შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად.
13მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან.
14მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას:
15გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში.
16როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა.
17გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს.
18დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე.
19აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას.
20გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში.
21ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული.
22როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ.
23როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი.



