ტობითითავი 14
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1დაასრულა ტობითმა აღსარება.
2ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი.
3ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს.
4წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი.
5მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი.
6ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს.
7მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის.
8ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ.
9ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში.
10იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა.
11ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი.
12როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან.
13მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება.
14მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში.
15ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე.



