გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ტობითითავი 7

17 მუხლი · ≈ 2 წთ

1შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.

2უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.

3ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.

4უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.

5ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.

6წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.

7ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.

8დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.

9უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.

10გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.

11შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.

12უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.

13მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.

14მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.

15მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.

16ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:

17გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →