ტობითითავი 13
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:
2კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.
3აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.
4იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.
5ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.
6თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.
7იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.
8მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?
9მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.
10გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.
11აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.
12რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.
13მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.
14წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.
15იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.
16ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,
17რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.
18გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.



