ტობითითავი 1
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,
2რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ.
3მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა.
4როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ.
5ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.
6მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.
7ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას.
8მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ.
9რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია.
10როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.
11მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა.
12რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.
13უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი.
14გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი.
15როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.
16ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის.
17ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი.
18თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.
19მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.
20დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.
21არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად.
22მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი.



