ტობითითავი 3
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი:
2მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე.
3გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს,
4ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ.
5ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე.
6ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან.
7იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას.
8შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო.
9ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული.
10ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.
11მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე.
12ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი.
13გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს.
14შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან.
15არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს.
16შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.



