ტობითითავი 12
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.
2მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე.
3აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა.
4თქვა მოხუცმა: ღირსია.
5მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით.
6მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს.
7კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ.
8სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.
9მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან,
10ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან.
11არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს.
12რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.
13რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი.
14ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად.
15მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.
16შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა.
17უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.
18რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.
19ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით.
20ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ.
21ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი.
22აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი.



