გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ტობითითავი 10

14 მუხლი · ≈ 1 წთ

1ტობითი კი, მამამისი, თითოეულ დღეს ითვლიდა. რომ ამოიწურა მგზავრობის დღეები და არ მოდიოდა ტობია,

2თქვა: იქნებ დააბრკოლეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და არავინაა ვერცხლის გადამხდელი?

3და შეწუხდა ძლიერ.

4ხოლო ცოლმა უთხრა: დაღუპულია ჩვენი შვილი, ამიტომაც აგვიანებს. და დაიწყო მისი დატირება. თქვა:

5არ ფიქრობდი ჩემზე, შვილო, თან რომ გაიყოლე ჩემი თვალის ჩინი?

6უთხრა ტობითმა: გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი. ჯანმრთელადაა.

7უპასუხა ხანამ: გაჩუმდი, ნუ მატყუებ, დაიღუპა ჩემი შვილი. გამოდიოდა ყოველდღე გარეთ, გზაზე, რომელსაც დაადგა ტობია. დღისით პურს არ ჭამდა და ღამით განუწყვეტლივ ტიროდა ტობიაზე, ვიდრე არ დასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, რომელიც ტობიას ფიცის თანახმად რაღუელთან უნდა დაეყო.

8უთხრა ტობიამ რაღუელს: გამიშვი, რადგან მამაჩემს და დედაჩემს აღარა აქვთ ჩემი ხილვის იმედი.

9უთხრა სიმამრმა: დარჩი ჩემთან და კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს მას შენს ამბავს. ტობიამ თქვა: არა, მე გამგზავნე მამაჩემთან.

10ადგა რაღუელი და მისცა მას სარა, მისი ცოლი და ქონების ნახევარი - მსახურნი, საქონელი და ვერცხლი.

11დაულოცა მათ გზა, თქვა: გაკურთხოთ თქვენ, შვილებო, ზეციერმა ღმერთმა ჩემს სიკვდილამდე.

12უთხრა თავის ასულს: პატივი მიაგე შენს მამამთილს და დედამთილს, ისინი არიან ახლა შენი მშობლები. დაე, კარგი მესმოდეს შენზე. და აკოცა მას.

13უთხრა ყადნამ ტობიას: საყვარელო ძმაო, შენი მფარველი იყოს ზეციერი უფალი, დაე, მახილვინოს შენი შვილები სარასაგან, ჩემი ასულისაგან, რათა დავლოცო ისინი უფლის წინაშე. აჰა, გაბარებ ჩემს ასულს ნუ აწყენინებ მას.

14ამის შემდეგ დაადგა გზას ტობია, ღვთის მაკურთხეველი, რადგან კეთილად წარმართა ღმერთმა მისი მგზავრობა. და გამოეთხოვა რაღუელს და ყადნას, მის ცოლს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →