გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ტობითითავი 2

14 მუხლი · ≈ 2 წთ

1როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.

2გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი.

3უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე.

4და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე.

5შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა.

6გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი.

7მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი.

8ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო.

9იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა.

10ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა.

11რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს.

12უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს.

13როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი.

14მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →