გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ტობითითავი 6

19 მუხლი · ≈ 2 წთ

1მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს.

2ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი.

3ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე.

4უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე.

5შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს.

6გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას.

7უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?

8უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.

9ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება.

10რაგეს რომ მიუახლოვდნენ,

11უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა.

12სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა.

13ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი.

14მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში.

15მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ.

16უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად.

17როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე.

18როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან.

19ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →