გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ტობითითავი 11

19 მუხლი · ≈ 2 წთ

1იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:

2ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?

3გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.

4გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან.

5ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში.

6იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან.

7თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.

8წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.

9სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი.

10ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან.

11წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო.

12აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.

13როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა:

14კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს.

15შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა.

16გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.

17რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი.

18მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს.

19მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →