გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 8

17 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1იმ დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს ჰამანის სახლი, იუდაელთა მტრისა. მარდოქაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუცხადა ესთერმა, თუ რა იყო იგი მისი.

2წაიძრო მეფემ ბეჭედი, ჰამანისთვის წართმეული, და მისცა მარდოქაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად დაადგინა მარდოქაი.

3კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხქვეშ და ატირდა. ემუდარებოდა გაეუქმებინა ჰამან აგაგიელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული.

4გაიშვირა მეფემ კვერთხი ესთერისკენ და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.

5თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად.

6რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვას, როგორ ვუყურო ჩემი მშობლიური ხალხის განადგურებას?

7უთხრა ბეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მარდოქაის, იუდაელს: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოვკიდე, რადგან იუდაელებზე აპირებდა ხელის აღმართვას.

8ახლა დაწერეთ, რაც გინდათ. დაწერეთ იუდაელთა გამო მეფის სახელით და სამეფო ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი.

9მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს, მეფისნაცვლებს, მხარეთა განმგებლებსა და მთავრებს - ინდოეთიდან ქუშამდე, ასოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.

10დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, დაბეჭდა სამეფო ბეჭდით და დააგზავნა წერილები ცხენოსანი შიკრიკების, სახელმწიფო ცხენსაშენში ნაშობ რაშებზე ამხედრებულთა ხელით,

11რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება,

12ერთი დღის მანძილზე მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს.

13წერილის პირი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში, ხალხისთვის გამოსაცხადებლად, რომ მზად ყოფილიყვნენ იუდაელები ამ დღისთვის მტერზე შურის საძიებლად.

14სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.

15გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.

16იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა.

17ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →