გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 5

14 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მესამე დღეს დედოფლურად შეიმოსა ესთერი და მეფის სახლის შიდა ეზოში გაჩერდა, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.

2როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს.

3უთხრა მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა.

4თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი დღეს ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.

5თქვა მეფემ: სასწრაფოდ დაუძახეთ ჰამანს, რომ შესრულდის ესთერის სიტყვა. მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც გამზადებული ჰქონდა ესთერს.

6უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა სათხოვარი გინდა რაამ აგისრულდეს? რას მეხვეწები? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.

7მიუგო ესთერმა და უთხრა: აი, ჩემი სათხოვარი და სახვეწარი:

8თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ.

9გავიდა იმ დღეს ჰამანი მხიარული და კმაყოფილი, მაგრამ როგორც კი დაინახა ჰამანმა სამეფო კარიბჭესთან მჯდარი მარდოქაი, რომელიც არ ამდგარა და არც განძრეულა მის წინ, რისხვით აივსო ჰამანი მარდოქაის მიმართ.

10მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა. მივიდა სახლში და დაიბარა მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.

11მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე.

12თქვა ჰამანმა: არავინ მოუწვევია ესთერ დედოფალს მეფესთან ერთად გამზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი. ხვალაც მიწვეული ვარ მეფესთან ერთად.

13ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.

14უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →