ესთერითავი 2
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1ამ ამბების შემდეგ, როცა დაუცხრა მეფე ახაშვეროშს რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მასზე გამოტანილი განაჩენი.
2თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა: მოუძებნონ მეფეს ლამაზი ყმაწვილი ქალები.
3დააყენოს მეფემ ზედამხედველნი თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარონ სადიაცო სახლში მეფის საჭურისს, დიაცთა მცველს ჰეგეს, რომელიც დაურიგებს მათ ფერუმარილს.
4ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად. მოეწონა ნათქვამი მეფეს და ასეც მოიქცა.
5იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტოში, სახელად მარდოქაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,
6რომელიც გადასახლებული იყო იერუსალიმიდან იექონიასთან, იუდას მეფესთან, ერთად გადასახლებულთა შორის, რომელნიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა.
7პატრონობდა იგი ჰადასას ანუ ესთერს, თავის ბიძაშვილს, რადგან არც მამა ჰყადა მას, არც დედა. ტანადი და პირმშვენიერი იყო ყმაწვილი ქალი. როცა დედ-მამა დაეხოცა, იშვილა იგი მარდოქაიმ.
8როცა გამოაცხადეს მეფის ბრძანება და დადგენილება და თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ მიიყვანეს ესთერიც მეფის სახლში და ჩააბარეს ჰეგეს, დიაცთა მცველს.
9მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.
10არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ერი და სამშობლო, რადგან დაარიგა მარდოქაიმ, არ გაემჟღავნებინა.
11ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე მარდოქაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, ესთერის ჯანმრთელობისა და ამბის გასაგებად.
12როცა მოუწევდა ყმაწვილ ქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისთვის (რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა მათ დაზელვას: ექვსი თვე მირონის ზეთით და ექვსი თვე ბალსამონით და სხვა სადიაცო ნელსაცხებლებით),
13მაშინ შევიდოდა ყმაწვილი ქალი მეფესთან. რაც არ უნდა მოეთხოვა, თან გაატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში მიმავალს.
14საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა სხვა სადიაცო სახლში, შააბგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით. მეტჯერ აღარ შედიოდა მეფესთან, თუ არ ინებებდა მეფე მის დაძახებას, თუ სახელდებით არ დაუძახებდა.
15როცა მოუწია ესთერს, მარდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც ნაშვილები ჰყავდა მას, მეფესთან შესვლის რიგმა, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც დაწესებული ჰქონდა ჰეგესგან, მეფის საჭურისისა და დიაცთა მცველისგან. ყველა მისი მნახველის თვალში მადლი ჰქონდა ნაპოვნი ესთერს.
16მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.
17შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.
18გაუმართა მეფემ დიდი ლხინი თავის მთავრებსა და მორჩილთ, ლხინი ესთერის სახელზე და შეუმსუბუქა ტვირთი სამთავროებს და მეფურად გასცა საჩუქრები.
19როცა მეორეჯერ მოუყარეს თავი ქალწულებს, სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი.
20არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი სამშობლო და ერი, როგორც დარიგებული იყო მარდოქაისგან. ახლაც ისევე ასრულებდა ესთერი მარდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მის მეურვეობაში იყო.
21იმ ხანებში, როცა სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი, გაცოფდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა განიზრახეს.
22შეიტყო ეს ამბავი მარდოქაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მარდოქაის სახელით მოახსენა მეფეს.
23გამოძიებული იქნა საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. ეს ყველაფერი ჩაიწერა მატიანის წიგნში მეფის თვალწინ.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



