ესთერითავი 3
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამან ჰამდათას ძე, აგაგიელი, აღაზევა და დაუდგა სავარძელი ყველა მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა.
2მეფის ყველა მორჩილი, ვინც კი იყო სამეფო კარიბჭესთან, მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მასზე ნაბრძანები მეფეს. მაგრამ მარდოქაის არ მოუყრია მუხლი და არ უცია თაყვანი.
3ეუბნებოდნენ მეფის მორჩილნი, სამეფო კარიბჭესთან ვინც იყვნენ, მარდოქაის: რატომ არ ემორჩილები მეფის ბრძანებას?
4ყოველდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ იდგებოდა თუ რა თავის სიტყვაზე მარდოქაი, რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო.
5დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
6იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
7პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
8უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.
9თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.
10წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი და მისცა ჰამან ჰამდათას ძეს, აგაგიელს, იუდაელთა მტერს.
11უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოექეცი, როგორც გენებოს.
12შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.
13დაეგზავნა წერილები შიკრიკების ხელით მეფის ყველა სამთავროს, რომ გაეწყვიტათ, დაეხოცათ, მოესპოთ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე, დედაწულიანად, ერთ დღეს, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, და დაეტაცებინათ მათი ქონება.
14ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა წაეღოთ ყველა სამთავროში და გამოეცხადებინათ მთელი ხალხისთვის, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის.
15სასწრაფოდ წაიღეს შიკრიკებმა მეფის ბრძანება. გამოცხადდა თუ არა კანონი შუშანში, სატახტო ქალაქში, დასხდნენ პურობად მეფე და ჰამანი. შუშან-ქალაქი კი ტიროდა.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



