ესთერითავი 7
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1ეწვივნენ მეფე და ჰამანი სანადიმოდ ესთერ დედოფალს.
2უთხრა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინის სმის დროს: რა გაქვს სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცმა. რა გაქვს სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
3თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.
4რადგან გაყიდული ვართ მე და ჩემი ერი დასაღუპად, ამოსაწყვეტად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, დავიდუმებდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს.
5თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ეს საქმე?
6თქვა ესთერმა: ორგული კაცია ეს ბოროტი ჰამანი. შედრკა ჰამანი მეფისა და დედოფლის წინაშე.
7ადგა მეფე ნადიმიდან განრისხებული და გავიდა სასახლის ბაღში. ხოლო ჰამანი დარჩა, რათა პატიება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისგან, რადგან ხედავდა, რომ ავი ხვედრი ელოდა მეფისგან.
8როცა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში დაბრუნდა მეფე, დამხობილი დახვდა ჰამანი საწოლზე, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: დედოფალზეც რომ ძალადობს ჩემთან სახლში! სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და დაუფარეს სახე ჰამანს.
9თქვა ხარბონამ, საჭურისთაგანმა, მეფის კარისკაცმა: აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მარდოქაის, მეფეზე კარგის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთაა სიმაღლით. თქვა მეფემ: მასზე ჩამოაღრჩვეთ.
10ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



