ესთერითავი 6
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.
2აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მარდოქაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული.
3თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება ხვდა ამისთვის მარდოქაის? მიუგეს მეფეს მისმა მორჩილებმა: არაფერი ხვდომია.
4თქვა მეფემ: ვინ არის ეზოში? ჰამანი იყო მოსული მეფის სახლის გარეთა ეზოში იმის სათქმელად, რომ ჩამოეკიდათ მარდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე.
5უთხრეს მეფეს მისმა მორჩილებმა: აჰა, ჰამანი დგას ეზოში. თქვა მეფემ: შემოვიდეს.
6შევიდა ჰამანი. უთხრა მას მეფემ: რა უნდა გავუკეთოთ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს? თქვა გულში ჰამანმა: ვისი პატივი უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემი?
7უთხრა ჰამანმა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს,
8მიართვან სამეფო შესამოსელი, რაც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.
9მიართვან შესამოსელი და ცხენი მეფის უპირველესი კარისკაცის ხელით, შემოსონ ის კაცი, ვისი პატივიც სურს მეფეს, მიიყვანონ ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადონ მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!
10უთხრა ჰამანს მეფემ: სასწრაფოდ აიღე შესამოსელი და ცხენი, როგორც თქვი, და მოექეცი ასე მარდოქაის, იუდაელს, სამეფო კარიბჭესთან რომ ზის. არაფერი დააკლო შენს სათქმელს.
11აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მარდოქაი, გაიყვანა ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადა მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!
12დაბრუნდა მარდოქაი სამეფო კარიბჭესთან. ჰამანი კი გაეშურა შინისკენ, დამწუხრებული და თავჩაქინდრელი.
13უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე.
14ამას ეუბნებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, წასულიყო ესთერის გამართულ ნადიმზე.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



