გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 4

17 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.

2მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო.

3ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.

4მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.

5იხმო ესთერმა ჰათაქი, მეფის საჭურისთაგანი, რომელიც მისთვის ჰყავდა მიჩენილი მეფეს, და უბრძანა წასულიყო მარდოქაისთან, რომ გაეგო მისი ამბავი.

6გავიდა ჰათაქი მარდოქაისთან ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ რომ არის.

7მოახსენა მარდოქაიმ ყველაფერი, რაც შეემთხვა, და იმ ვერცხლის ამბავიც, რომელიც უნდა შეეტანა ჰამანს სამეფო ხაზინაში იუდაელთა გასაწყვეტად.

8დაწერილი კანონის პირიც, შუშანში რომ გამოვიდა მათ გასაწყვეტად, მისცა ჰათაქს, რომ ეჩვენებინა ესთერისთვის და ეცნობებინა. დაავალა ესთერს, წასულიყო მეფესთან, რათა შევედრებოდა მას და პატიება გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.

9მოვიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მარდოქაის ნათქვამი.

10უთხრა ესთერმა ჰათაქს და დააბარა მარდოქაისთან:

11მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.

12მიუტანეს მარდოქაის ესთერის სიტყვები.

13უთხრა პასუხად მარდოქაიმ ესთერს: ნუ ფიქრობ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები მეფის სახლში იუდაელთაგან.

14რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა, შენი მამისსახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?

15უთხრა პასუხად ესთერმა მარდოქაის:

16წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.

17წავიდა მარდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →