ესთერითავი 9
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოაწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა (იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრები აპირებდნენ მათ ძლევას, თუმცა პირუკუ კი მოხდა, იუდაელებმა ძლიეს თავიანთ მოძულეთ),
2შეიკრიბნენ იუდაელნი თავ-თავის ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ თავიანთ მოსისხლეებზე. ვერავინ დაუდგა მათ წინ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა ყოველი ხალხი.
3მხარეთა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, განმგებლებმა და სამეფო საქმეთა აღმსრულებლებმა პატივი მიაგეს იუდაელებს, რადგან მარდოქაის შიშისზარით იყვნენ მოცულნი.
4რადგან დიდი იყო მარდოქაი მეფის სასახლეში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრი და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი, მარდოქაი.
5დასცხეს მტრებს იუდაელებმა, გაწყვიტეს მახვილით და მოსპეს. როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანი მოძულეებს.
6შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცეს და მოსპეს იუდაელებმა ხუთასი კაცი.
7ფარშანდათა, დალფონი და ასფათა,
8ფორათა, ადალია და არიდათა,
9ფარმაშთა, არისაი, არიდაი და იეზათა. -
10დახოცეს ჰამან ჰამადათას ძის, იუდაელთა მტრის, ათი ვაჟი, მაგრამ გასაძარცვავად ხელი არ აღუმართავთ.
11იმავე დღეს მიუვიდა შუშანში, სატახტოში, მეფეს დახოცილთა სია.
12უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.
13თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ შუშანელ იუდაელებს იმის გაკეთება, რაც დღეს გააკეთეს - ხეზე ჩამოჰკიდონ ჰამანის ვაჟები.
14თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
15შეიკრიბნენ შუშანელი იუდაელები ადარის თვეშიც, მეთოთხმეტე დღეს, და გაწყვიტეს შუშანში ასი კაცი, გასაძარცვად კი ხელი არ აღუმართავთ.
16შეიკრიბნენ დანარჩენი იუდაელნი, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, დადგნენ თავის დასაცავად, რომ მოესვენათ მტრებისგან, და ამოხოცეს თავიანთი მოძულენი - სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი. მაგრამ გასაძარცვად ხელი არ აღუმართავთ.
17ეს იყო ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე.
18იკრიბებოდნენ შუშანის იუდაელები მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ლხინისა და სიხარულის დღედ გაიხადეს.
19ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა.
20დაწერა ეს ამბები მარდოქაიმ და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფს და შორს მყოფს,
21რომ დაეწესებინათ ყოველწლიური ზეიმი ადარის თოთხმეტსა და თხუთმეტში,
22რა დღეებშიც მოისვენეს იუდაელებმა მტრებისაგან და რა თვეშიც მწუხარება სიხარულით შეეცვალათ და გლოვა - ზეიმად, რათა ექციათ ეს დღეები ლხინისა და სიხარულის დღეებად, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნისა და ღარიბ-ღატაკთა მოკითხვის დღეებად.
23მიიღეს იუდაელებმა, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს და რასაც სწერდა მათ მარდოქაი,
24როგორ ჩაიფიქრა ჰამან ჰამდათას ძემ, აგაგიელმა, მთელი იუდაელობის მტერმა, იუდაელთა დაღუპვა და ჰყარა ფური, ანუ წილი, მათ გასაწყვეტად და გასანადგურებლად,
25როგორ წარუდგა მეფეს სიტყვით, რომ ჩამოეღრჩოთ მარდოქაი. მაგრამ მის თავზე მოიქცა ავი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული და ხეზე ჩამოჰკიდეს იგი და მისი ვაჟიშვილები.
26ამიტომაც უწოდეს ამ დღეებს ფურიმი, ფურის, ანუ წილის, სახელი. ამიტომაც თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ,
27დაადგინეს და დაუწესეს იუდაელებმა თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულთ, რომ მოუშლელად ეზეიმათ ეს ორი დღე წლიდან წლამდე, დათქმულ დროს, დაწერილისამებრ,
28ხსომებოდათ ეს დღეები და ეზეიმათ ყოველ თაობაში, ყოველ საგვარეულოში, ყოველ სამთავროში და ყოველ ქალაქში. ფურიმის დღეები ყოფილიყო ეს დღეები, არ გაუქმებულიყო იუდაელთა შორის და არ გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა.
29დაჟინებით წერდნენ დედოფალი ესთერ აბიხაილის ასული და იუდაელი მარდოქაი, რომ შეესრულებინათ ეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე.
30დაუგზავნა წერილები მთელს იუდაელობას, ახაშვეროშის სამეფოს ასოცდაშვიდ სამთავროში, მშვიდობისა და სიმტკიცის სიტყვები,
31რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც დაუწესეს მათ იუდაელმა მარდოქაიმ და ესთერ დედოფალმა, როგორც თავად მათ დაუწესეს თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას - მარხვისა და მოთქმის დღეები.
32ესთერის ბრძანებამ დააწესა ეს ფურიმი და წიგნშიც ჩაიწერა.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →



