გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

ესთერითავი 1

22 მუხლი · ≈ 3 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც მეფობდა ას ოცდაშვიდ მხარეზე ინდოეთიდან მოყოლებული ვიდრე ქუშამდე.

2იმ დროს, როცა იჯდა მეფე ახაშვეროში სამეფო ტახტზე შუბანში, სატახტოში,

3თავისი მეფობის მესამე წელს გაუმართა ლხინი თავის მთავრებს, თავის მორჩილთ, სპარსელთა და მიდიელთა სარდლებს, ხელისუფალთ და მხარეთა განმგებელთ,

4და აჩენდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს.

5როცა ჩათავდა ეს დღეები, გაუმართა მეფემ მთელს ხალხს, ვინც კი შუშანში, სატახტოში იყო, დიდსა და პატარას, შვიდდღიანი ლხინი სასახლის ბაღში.

6მრავალფერი ქსოვილები ეკიდა ბისონისა და ძოწის ძაფებით ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე. ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა ალებასტრით, მარმარილოთი, სადაფითა და შავი მარმარილოთი მოფენილ იატაკზე.

7სასმელს ოქროს სასმისებით სვამდნენ, მრავალფრი სასმისებით. უხვად იყო სამეფო ღვინო, მეფეთა საკადრისი.

8წესისამებრ სვამდნენ, არავინ იყო დამძალებელი, რადგან ასე დაუდგინა მეფემ სახლთუხუცესებს, თითოეულის ნება-სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ.

9ვაშთი დედოფალმაც გადაიხადა ლხინი ბანოვანთათვის მეფე ახაშვეროშის ერთ-ერთ სასახლეში.

10მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,

11მოეყვანათ ვაშთი დედოფალი მეფის წინაშე სამეფო გვირგვინით, რომ ეჩვენებინა ხალხებისთვის და მთავრებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო სახით.

12არ ისურვა ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, საჭურისების პირით რომ ეცნობა. დიდად გაწყრა მეფე და რისხვით აენთო.

13უთხრა მეფემ ბრძენკაცებს, დროჟამის მცოდნეთ (რადგან ასე წყდებოდა სამეფო საქმე რჯულისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე.

14მისი დაახლოებული პირები კი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - შვიდი სპარსელი და მიდიელი მთავარი, მეფის პირისმხილველნი და პირველ ადგილზე მჯდომელნი სამეფოში):

15რისი ღირსია ვაშთი დედოფალი, რჯულის მიხედვით, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისების პირით რომ ეცნობა?

16თქვა მემუქანმა მეფისა და მთავრების წინაშე: არა მხოლოდ მეფე გააწბილა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავარი და ყველა ხალხი, ვინც კი მეფე ახაშვეროშის მთელს სახელმწიფოში ცხოვრობს.

17რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს, იტყვიან: ვაშთი დედოფლის მიყვანა ბრძანა მეფე ახაშვეროშმა თავის წინაშე, მაგრამ არ მივიდაო იგი.

18ამიერიდან სპარსელ და მიდიელ მთავართა ცოლები, რომლებიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს. ბევრი დამცირება და წყენა შეგხვდება.

19თუ მეფე ინებებს, გაიცეს მისგან სამეფო ბრძანება, ჩაიწეროს სპარსელთა და მიდიელთა რჯულში უცვალებელად, რომ აღარ შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე. ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას მისცეს, მასზე უკეთესს.

20მოივლის მეფის ბრძანება მთელს მის სამეფოს, თუმცა ვრცელია იგი, და ყველა ცოლი, აზნაური თუ მდაბიო, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს.

21მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს. მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე.

22დაუგზავნა წერილები სამეფოს სამთავროებს - თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში და თავისი ხალხის ენაზე ელაპარაკა.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →