ესთერითავი 5
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა ჩუენისათჳს. მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა. აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ სიკუდილისაგან. დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი განშვენებულ ფრიად. და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი. ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა, და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო, ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო. და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი. და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა. და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა. ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა მშჳდობისათა და ეტყოდა მას: რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ. არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა. და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და ამბორსუყოფდა მას. და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო. და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა შენისათა, რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს. და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა. და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი მსახურნი მისნი. და დღესა მესამესა, შემკული სამოსლითა დიდებისა თჳსისათა, ესთერ შევიდა მეფესა და დადგა ქორისა მის, სადა პირისპირ იყო ტაძარსა მეფისასა, და იგი ჯდა საყდართა ზედა დიდებულთა თანა მისთა.
2ვითარცა იხილა მეფემან ესთერ მდგომარე, განიხარა და შეუყვარდა ფრიად, და აღიღო კვერთხი მისი ოქროჲსი, რომელი აქუნდა ჴელთა და განმარტა კვერთხი მისი. და ესთერ ამბორს-უყო კვერთხისა წვერსა ზედა.
3და ჰრქუა მეფემან: დედოფალო ესთერ, რაჲ არს თხოვა შენი, მითხარ მე და მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა.
4მიუგო ესთერ მეფესა და ჰრქუა: დღე არს ჩემი პატიოსანი. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა, მოვედინ იგი ამან, მეგობარი შენი, სმასა მას, რომელი მეგულვების მე ხვალე ყოფად.
5და ჰრქუა მეფემან: ყავ ნებისაებრ შენისა! და მერმე თქუა: აუწყეთ ამანს, რათა ვყოთ სიტყუაჲ ესთერისა და უთხრეს ამანს ამის სიტყჳსაებრ და დაუკვირდა მას. და მივიდეს ორნივე სმასა მას, ვითარცა-იგი თქუა ესთერ.
6ვითარცა დაეგნეს პირსა სმასა ზედა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, დედოფალო ესთერ? და ვყო სიტყვა შენი ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. და გეყოს შენ, რომლისათჳსცა მევედრები.
7და თქვა ესთერ: თხოვა ჩემი და ვედრება ჩემი ესე არს:
8უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე მეფისა, და უკუეთუ ჯერ-უჩნს უფალსა ჩემსა, რათა სჭამო პური ჩემი შენ და ამან, მეგობარმან შენმან, ჩემ თანა ხვალე, რომელ გიყო თქუენ სმა. და თქვა მეფემან: ყავ, რაჲცა გნებავს. და უთხრეს ესე ამანს. და მეფე შევიდა და განისუენა.
9და გამოვიდა ამან მეფისაგან განმხიარულებული სიხარულითა ფრიად. და ოთხასი კაცი მის თანა იმიერ და ამიერ, ხოლო ვითარცა იხილა ამან მარდოქე ჰურია ეზოსა მეფისასა, განრისხნა ფრიად.
10და შევიდა სახლსა თჳსსა და შეკრიბნა მეგობარნი მისნი და ზოსარა, ცოლი თჳსი, და ათნი ძენი მისნი:
11და უჩვენა მათ სიმდიდრე მისი და დიდებაჲ იგი, რომელი მეფემან დაადგა მას პატივი. და ვითარ ყო იგი უფროს ყოველთა და წინამძღვარ სამეფოსა ზედა მისსა.
12იქადოდა და იტყოდა, ვითარმედ: არავის ხადა დედოფალმან დღესა შვებისა მისისასა, გარნა მეფესა და მე ხოლო. და ხვალისაცა ჩინებულ ვარ.
13ესე ხოლო არა მთნავს მე და მწუხარე ვარ, რაჟამს ვიხილი მარდოქე ჰურია ეზოსა შინა მეფისასა და არა თაყვანი-მცის.
14ჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა.
სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი
სეპტუაგინტის ესთერს ექვსი ვრცელი ნაწილი აქვს, რომელიც ებრაულში არ არის: მარდოქეს სიზმარი, მეფის ორი წიგნი, მარდოქესა და ესთერის ლოცვები, ესთერი მეფის წინაშე და სიზმრის განმარტება. სეპტუაგინტის ტექსტში ისინი თავიანთ ადგილებზეა — 1:1, 3:13, 4:17, 5:1, 8:12 და 10:3 მუხლებთან.
შეადარეთ: ახალი ქართული (მასორეტული) · რატომ სეპტუაგინტა? →



