გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 2

24 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

2რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.

3როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება.

4მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული.

5რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან.

6ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით.

7აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი.

8დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს.

9ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი.

10დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება.

11ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია.

12საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს.

13აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.

14ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის.

15რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი.

16მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი.

17ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას.

18თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან.

19გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ.

20სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ.

21ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ.

22რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ.

23რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი,

24მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →