გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 18

25 მუხლი · ≈ 3 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ:

2ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს.

3ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და უვნებელი მზე უცხოობაში.

4ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა.

5როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად.

6ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს.

7მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და მტერთა დაღუპვისა.

8რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მშობელმა.

9კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს.

10ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა დასატირებელ ყრმათა გამო.

11ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე დაიტანჯა, როგორც მეფე.

12ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა.

13ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით, პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი.

14რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე,

15დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა.

16დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა მიწაზე მდგარი.

17მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ.

18ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს, რისთვისაც კვდებოდა.

19შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ.

20თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა,

21რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი მსახური იყო.

22მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები.

23რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა.

24რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა; მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე.

25ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა, რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →