სიბრძნე სოლომონისათავი 12
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.
2ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო.
3ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა
4მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური წესებისთვის,
5ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი.
6და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით,
7რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული სახლობა მიეღო.
8მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან გაჟლეტილიყვნენ.
9თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით;
10მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა უკუნისამდე.
11მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის.
12რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი?
13რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი.
14არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე.
15თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.
16რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.
17ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ.
18მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა.
19ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების მოსანანიებლად.
20რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ,
21რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები!
22როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას.
23ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი, რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
24რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან.
25ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე.
26მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ, ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს.
27როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი, აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა.



