სიბრძნე სოლომონისათავი 10
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1სიბრძნემ დაიცვა პირველდასახული მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, და იხსნა იგი დაცემისგან;
2და მისცა მას ძალა ყოველთა განსაგებლად.
3მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა.
4მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი.
5მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა.
6მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე,
7რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.
8სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს.
9სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან.
10ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა.
11როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა.
12დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია.
13არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი;
14ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა.
15წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან.
16შევიდა უფლის მსახურის სულში და სასტიკ მეფეებს წინ აღუდგა სასწაულებითა და ნიშნებით.
17მისცა ღირსეულებს საზღაური მათი ღვაწლისა, საკვირველ გზაზე უწინამძღვრა და იქმნა მათთვის დღისით საფარველად, ხოლო ღამღამობით - ვარსკვლავთა ელვარებად.
18გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა.
19მათი მტრები კი ჩაძირა და უფსკრულის სიღრმიდან ამოტყორცნა.
20ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი.
21რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა.



