სიბრძნე სოლომონისათავი 17
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1დიდია და გამოუთქმელი შენი სასჯელები, ამიტომაც შეცდნენ გაუწვრთნელნი სულები.
2რადგან ურჯულონი, რომელთაც წმინდა ერის დაჩაგვრა განიზრახეს, წყვდიადის ტუსაღები და გრძელი ღამის ტყვეები იყვნენ; ჭერქვეშ შეიკეტნენ საუკუნო განგებისგან გაქცეულნი.
3ფიქრობდნენ რა თავიანთ იდუმალ ცოდვებში დამალვას, დავიწყების ბნელ საბურველქვეშ, დაიფანტნენ თავზარდაცემულნი და აჩრდილებით შეძრწუნებულნი.
4რადგან ყველაზე საიდუმლო ადგილმაც კი, რომელსაც შეეფარნენ, შიშისგან ვერ დაიცვა ისინი, არამედ ირგვლივ, საზარელი ხმებით შეძრწუნებულებს, პირქუში მოჩვენებები ეცხადებოდათ.
5ცეცხლის არავითარ ძალას არ შეეძლო სინათლის მოფენა და არც ვარსკვლავთაა ბრწყინვალე ციმციმს არ ძალუძდა ამ შემზარავი ღამის განათება.
6არაფერი უნათებდა მათ, გარდა თავისით აღგზნებული, საშინელებით აღსავსე კოცონებისა, და უხილავი მოჩვენებებით დაშინებულნი ხილულს კიდევ უფრო უარესად წარმოიდგენდნენ.
7დასაცინი გახდა ჯადოქრობის ცთუნებები და სიბრძნით ყოყოჩობა გაკიცხულ იქნა.
8რადგან ვინც ტანჯული სულიდან შიშისა და ძრწოლის განდევნას იპირებოდნენ, სამარცხვინო შიშის სენი თავად შეეყარათ.
9და თუმცა ვერარა შემაძრწუნებელი ვერ აკრთობდა მათ, მხეცთა გამოსვლითა და ქვეწარმავალთა სისინით დვვნილნი, შიშისაგან იმუსრებოდნენ და უარს ამბობდნენ ჰაერის შეხედვაზეც კი, რომელსაც ვერსად გაექცევა კაცი.
10რადგან საკუთარი მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისით ქენჯნილი მუდამ საშინელებებს წარმოიდგენს.
11რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარისთქმა გონების მიერ.
12რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი ჩანს ტანჯვის მიზეზი.
13ამ ნამდვილად აუტანელი ღამით, რომელიც აუტანელი ჯოჯოხეთის უფსკრულებიდან იყო გამოსული, ყველას ერთნაირი ძილით ეძინა:
14ხან საზარელი მოჩვენებებისგან იყვნენ დევნილები, ხან სულის დაცემით სასოწარკვეთილები, რადგან უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი დაატყდა თავს.
15და ამგვარად, ვინ სად იყო, იქ დაეცა და ურკინო საპყრობილეში გამოიკეტა.
16მიწათმოქმედი იყო, თუ მწყემსი, თუ უდაბნოში მომუშავე, ყველანი გარდაუვალ ხვედრს დაემორჩილნენ, რადგან წყვდიადის ერთი ჯაჭვით იყვნენ შეკრულნი.
17ქარის სტვენა, თუ ხშირ რტოებში ჩიტების ტკბილი გალობა, თუ მოვარდნილი წყლის ძალა, თუ ძლიერი გრუხუნი ჩამოგორებული ლოდებისა,
18თუ ცხოველთა უხილავი სრბოლა, თუ მძვინვარე მხეცთა ღრიალი - თავზარს სცემდა მათ და აუძლურებდა.
19მთელი სამყარო კი ბრწყინავდა ელვარე ნათლით და შეუფერხებლად საქმიანობდა.
20და მხოლოდ მათზე იყო გადმომხობილი მძიმე ღამე - ხატი წყვდიადისა, რომელსაც უნდა მოეცვა ისინი; თუმცა საკუთარი თავისთვის თავადვე იყვნენ წყვდიადზე მძიმენი.



