სიბრძნე სოლომონისათავი 14
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია.
2რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის ხელოვნებამ ააშენა ხომალდი.
3მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი,
4აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში.
5გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან;
6რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი.
7კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა.
8ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.
9რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია,
10და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება.
11ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა ფეხებისთვის.
12რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა;
13რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან.
14ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ.
15უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.
16შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული
17და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს მყოფისთვის.
18ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც დაიწყეს მისი თაყვანისცემა.
19მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა, რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო.
20ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.
21და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს.
22მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ.
23ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ.
24არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით შეურაცხყოფენ.
25განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში, ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ ფიცში,
26სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და უსირცხვილობაში.
27რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა;
28რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს;
29რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან.
30მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.
31რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს.



