გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 5

23 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.

2მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა.

3ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი:

4ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად.

5როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?

6ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.

7ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.

8რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?

9წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.

10როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი,

11ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა,

12ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება,

13ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.

14რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი, ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება.

15მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.

16ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა.

17აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.

18შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს;

19დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს,

20მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე.

21ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან.

22ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ.

23მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →