სიბრძნე სოლომონისათავი 11
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით.
2გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს,
3წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები.
4მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან.
5რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ მათი მტრები:
6ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი,
7ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე, მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი.
8და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი.
9რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული უღვთოები.
10რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა მეფემ.
11იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ.
12რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ.
13როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი, მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე.
14თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს.
15იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა, პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად.
16რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება.
17რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა სიმრავლე ან მძვინვარე ლომები,
18ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი,
19რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ.
20და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე;
21რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას?
22რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა.
23ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ.
24რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი!
25როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო?
26ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო.



