გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 6

25 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!

2ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე!

3უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

4რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ.

5ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება.

6ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან.

7რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის.

8ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა.

9ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები, რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ.

10რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი.

11მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და განისწავლენით.

12შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი.

13წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ.

14დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს.

15მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის.

16რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება.

17მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა მისი სიყვარულია;

18სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია.

19და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს.

20ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს.

21ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ.

22ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ ავუვლი.

23არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს.

24ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე.

25ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი იქნება თქვენთვის.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →