მეორე ეზრათავი 9
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იოხანან ელიაშიბის ძის შრამელისკენ.
2იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.
3უხმობდა ქადაგი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყველას, ტყვეობიდან - გამოსულს, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში.
4რომელნიც არ მოვიდოდნენ ორი ან სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების მსჯავრით წაერთმეოდათ ქონება და თავად გაძევებულ იქნებოდნენ ტყვეყოფილთა კრებულისგან.
5შეიკრიბნენ იერუსალიმში ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში (ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს).
6იჯდა მთელი ერი ტაძრის ეზოში და ცახცახებდა დამდგარი ზამთრის გამო.
7წამოდგა ეზრა და მიმართა მათ: თქვენ დაარღვიეთ რჯული და შეეუღლეთ უცხოელ დედაკაცებს, მიუსართეთ რა ცოდვა ისრაელს.
8ახლა უთხარით აღსარება და დიდება უფალს, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს;
9აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო თესლთა ცოლებს.
10ხმა აღმოხდა მთელს ერს და შეჰღაღადა დიდი ხმით: როგორც შენ სთქვი, ისე აღვასრულებთ.
11მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთრის ჟამია, არ ძალგვიძს დგომა ცის ქვეშ. ვფიქრობთ, ერთი დღის და ორი დღის საქმე არ არის ეს, რადგან ბევრზე ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ამ საქმეში.
12დადგენილ იქნან ერის წინამძღოლნი; და ყველა ვინც ჩვენთან მკვიდრობს, და რომელთაც უცხოტომის ცოლი ჰყავს, გამოცხადდეს, როცა დრო ჰპოვოს,
13თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება ჩვენზე უფლის რისხვა ამ საქმეების გამო.
14იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, თავს იდვეს ყოველივე, ხოლო მეშულამი და შაბთაი - ლევიანები განიკითხავდნენ მათთან ერთად.
15შეასრულეს ყოველივე ამის მიხედვით ტყვეობიდან გამოსულებმა.
16გამოირჩია თავისთვის ეზრა მღვდელმა მამისსახლთა წინამძღვარნი, ყველანი სახელდებით, და დასხდნენ ერთად მეათე თვის ახალ მთვარვზე, საქმის გამოსაძიებლად.
17დასრულდა იმ კაცთა საქმის გამოძიება, რომლებსაც ჰყავდათ ცოლებად უცხოტომისანნი, პირველი თვის ახალმთვარობისთვის, და
18აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხოთესლის ცოლები ჰყავდათ:
19იესოს ძეთაგან, ძისა იოცადაკისა და მის ძმათაგან - მაყასეიას, ელყაზარს, იარიბს და გედალიას.
20დასდვეს ხელნი, რომ განეშორებოდნენ თადიანთ ცოლებს, და მოიყვანეს ვაცები თავიანთი შეცოდების საპატიებლად.
21იმერის ძეთაგან ხანანი, ზებადია, მაყასეია, შემაყია, იენიელი და ყაზარია.
22ფაშხურის ძეთაგან ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნეთანიელი, იოზაბადი და ელყასა;
23ლევიანთაგან იოზაბადი, შიმყი, კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და იოხანანი.
24მგალობელთაგან ელიაშიბი და ბაკქური;
25მეკარეთაგან შალუმი და ტელემი.
26ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყაზარი, ხაშაბია და ბენაია;
27ყელამის ძეთაგან მათანიასი, ზაქარია, ყაზრიელი, აბდია, იერემოთი და ელია;
28ზამოთის ძეთაგან ელიადაყი, ელიაშიბი, მათონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია;
29ბებაის ძეთაგან იოხანანი, ხანანია, ზაბდი და ყათლაი;
30მანის ძეთაგან ყოლამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერამოთი;
31ყიდოს ძეთაგან ნაათოსი და მაყასეია, ლაკკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასფასმისი, სესთელი, ბინუი და მენაშე;
32ნანანის ძეთაგან ელიოყენაი, ყასაია, მალქია, შესიმეონ ქოსამელი;
33ხაშუმის ძეთაგან მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელაცი, მენაშე და შიმყი;
34ბანის ძეთაგან იერემია, მაყადაი, მაერი, იოელი, მამდაი, ფედია, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანაი, ელიაშიბი, ბანუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან შეშაი, ყაზარიელი, ყაზრაელი, სამატოსი, ზაბდი, იოსები;
35ნაყმანის ძეთაგან მაზითა, ზაბადი, იდო, იოელი, ბენაია.
36ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხოთესლის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებთან ერთად.
37დაემკვიდრნენ მღვდლები, ლევიანები და ისრავლისაგანნი იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, როცა ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრებში იმყოფებოდნენ.
38შეიკრიბა მთელი ერი ერთსულოვნად ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, გაშლილ ადგილას,
39და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, მოცემული ისრაელის უფლის მიერ.
40გამოუტანა ეზრა მღვდელმთავრმა რჯული მთელს ერს - კაციდან ქალამდე და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ რჯული მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე.
41კითხულობდა ტაძრის კარიბჭესთან გაშლილ ადგილას ცისკრიდან შუადღემდე კაცთა და ქალთა წინაშე, და მთელს ერს გონება ჰქონდა მიპყრობილი რჯულისათვის.
42აღიმართა ეზრა, მღვდელი და რჯულის მკითხველი, გამზადებულ ხის კვარცხლბეკზე.
43მხარმარჯვნივ ედგნენ მათათა, შამუაყი, ხანანი, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბაალსამოსი,
44ხოლო ხელმარცხნივ ფედაია, მიქაელი, მალქია, ლოთასუბი, ნაბარია და ზაქარია.
45აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ერის წინაშე და დაჯდა დიდებით ყველას წინაშე.
46და ვიდრე იგი რჯულს განმარტავდა, ყველა წელგამართული იდგა, და აკურთხა ეზრამ უფალი, მაღალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი, ყოვლისმპყრობელი.
47და შეჰღაღადა მთელმა ერმა: ამენ! აღაპყრო ხელები, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს.
48იესო, ანიუთი, შარაბია, იადინა, ყაკუბი, შაბათაი, ჰოდია, მაყასეია და კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანია და ფალია - ლევიანები ასწავლიდნენ საღვთო რჯულს და ერის წინაშე კითხულობდნენ უფლის კანონს და უხსნიდნენ კითხვასთან ერთად.
49უთხრა განმგებელმა ეზრას, მღვდელმთავარს და მკითხველს, და ლევიანებს, რომლებიც მოძღვრავდნენ ერს, ყველას:
50ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს.
51ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ,
52რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ.
53ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ.
54წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად,
55რადგან განმსჭვალულნი იყვნენ იმ სიტყვებით, რომლებითაც განისწავლნენ. და შეერთდნენ.



