მეორე ეზრათავი 4
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა:
2ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია?
3ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან.
4თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს.
5დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი.
6ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ.
7იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ.
8ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ;
9თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ.
10მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას.
11ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას.
12ო, კაცნო, როგორღა არ არის მეფე ყველაზე ძლიერი, როცა ასე უსმენენ მას? და დადუმდა.
13ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი.
14კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?
15დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც;
16მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება.
17ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ.
18თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს,
19ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას.
20კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება.
21სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას.
22აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ?
23აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;
24ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის.
25კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა.
26ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო.
27მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით.
28ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას?
29მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი;
30მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა.
31მეფე მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუცინებდა მას, მეფეც გაუცინებდა; თუ ქალი გაწყრებოდა, მასზე, მეფე ეფერებოდა მას, რომ შემოერიგებინა იგი.
32ო, კაცნო, როგორღა არ არიან ძლიერნი დედაკაცნი, როცა ამას აღწევენ?
33მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს.
34მან კი დაიწყო საუბარი ჭეშმარიტებაზე: კაცნო, მაშ ძლიერნი არ არიან დედაკაცები? დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე. რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა.
35განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია.
36ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო.
37უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლონი არიან დედაკაცნი, უსამართლოა ყოველი კაციშვილი, უსამართლოა ყოველი საქმე მათი. არ არის მათში სიმართლე და თავიანთ უსამართლობაში წარწყმდებიან.
38ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე.
39არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით; ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო.
40მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა.
41და შეწყვიტა ლაპარაკი. მაშინ ხმა აღმოხდა მთელ ხალხს და თქვეს: დიდია ჭეშმარიტება და მძლეთამძლე.
42მაშინ უთხრა მას მეფემ: ითხოვე, რაც გსურს დაწერილზე მეტი და მოგეცემა, რადგანაც უბრძენესი აღმოჩნდი ყოველთა შორის. იჯდები ჩემს გვერდით და ჩემი ნათესავი გეწოდება.
43უთხრა მაშინ მეფეს: გაიხსენე აღთქმა, რომელიც დასდე იერუსალიმის აღსაშენებლად იმ დღეს, როდესაც მეფობა მიიღე,
44რომ უკან გააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ ყველა ჭურჭელს, რომელიც კიროსმა გამოიტანა, როდესაც ფიცი დასდო, რომ მოაოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა.
45შენც დადებული გაქვს, რომ ააშენებ ტაძარს, რომელიც ედომელებმა დაწვეს, როდესაც მოოხრდა იუდა ქალდეველთაგან.
46ახლა ამას მოვითხოვ, მეფე-ბატონო, და გევედრები - ესაა შენი სიდიადე: გევედრები, შეასრულო შენი პირისაგან გამოსული დანაპირები, რომელიც აღუთქვი ზეციურ მეფეს.
47მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა მას და მიუწერა წერილები ყველა მმართველს და მხარეთა განმგებელს, მხედართმთავრებს და სატრაპებს, რათა გაისტუმრონ იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდის იერუსალიმის აღსაშენებლად.
48კოილე სირიისა და ფინიკის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ მისწერა წერილები, მოზიდონ ლიბანიდან კედარის ძელები იერუსალიმში და მით ააშენონ ქალაქი.
49მისწერა სამეფოდან იუდაში წამსვლელი ყველა იუდაელის განთავისუფლების შესახებ, რათა არცერთი უფლებამოსილი და სატრაპი, მხარეთა განმგებელი და მმართველი არ მიადგეს მათ კარს,
50და მთელი მხარე, რომელსაც ფლობენ, ხარკისაგან გათავისუფლდეს, და რომ ედომელებმა დასტოვონ იუდაელთა სოფლები, რომლებიც მათ უჭირავთ.
51მიეცეს ტაძრის ასაშენებლად ყოველწლიურად ოცი ტალანტი, ვიდრე არ დასრულდება შენება.
52ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური აღსავლენისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა გაეცეთ ათი ტალანტი ყოველწლიურად.
53ყველა, ვინც გაემართა ბაბილონიდან ქალაქის ასაშენებლად, გათავისუფლდეს, ისინიც და მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელი.
54მისწერა აგრეთვე სახსრისათვის და სამღვდელო სამოსელისთვის, რომელშიც შეასრულებენ იქ მღვდელმსახურებას.
55ლევიანებს მიუწერა გასცენ სახსარი იმ დღემდე, ვიდრე არ დასრულდება სახლი და არ აშენდება იერუსალიმში.
56მისწერა, რომ მისცემოდა ქალაქის ყველა მცველს კუთვნილი წილი და საზრდო.
57დააბრუნა ყველა ჭურჭელი, რომელიც კიროსმა გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე, რის გაკეთებაც ბრძანა კიროსმა, მანაც ბრძანა აღსასრულებლად და იერუსალიმში წარსაგზავნად.
58ხოლო როდესაც გამოვიდა ჭაბუკი, აღაპყრო პირი ზეცისაკენ იერუსალიმის მხარეს, ადიდა უფალი ზეციერი და წარმოსთქვა:
59შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი.
60კურთხეული ხარ, რომელმაც მომანიჭე მე სიბრძნე; გმადლობ, შენ, ჩვენი მამა-პაპის უფალო.
61წაიღო წერილები და მივიდა ბაბილონში და ახარა თავის ძმებს, ყველას.
62ადიდებდნენ თავიანთ მამა-პაპის ღმერთს, რომ დაიხსნა ისინი და მისცა ნება,
63წასულიყვნენ და აეშენებინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც ეწოდა სახელი მისი. ზეიმობდნენ მუსიკით და სიხარულით შვიდ დღეს.



